ბრუნო ჯორდანო (1548-1600)

ბრუნო ჯორდანო (1548-1600)
იტალიური ნატურფილოსოფიის მწვერვალი ჯორდანო ბრუნო რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პიროვნებაა. იგი კულტურის ისტორიაში დარჩა არა მარტო, როგორც ღრმა ფილოსოფიური სისტემის შემქმნელი, არამედ, აგრეთვე, როგორც ჭეშმარიტებისათვის მეცნიერული და მოქალაქეობრივი თავგანწირვის ნიმუში. მის სახელთანაა დაკავშირებული აღორძინების ეპოქის პირველი სრული პანთეიზმის დაცვა, რომელიც, როგორც მატერიალიზმზე, ისე იდეალიზმზე მაღლა დგას. ბრუნო სოკრატემდელი ბერძნული ფილოსოფიის ჰილოძოიზმს, ანუ გასულიერებული, ცოცხალი მატერიის პირველსაწყისობის დასაბუთებას შეეცდება. მასვე ეკუთვნის დაპირისპირებულთა ერთიანობის, როგორც მათი დამთხვევის, კუზანელისეული პრინციპის არსებითი განვითარება და შევსება „ერთიანობის გაორების“ პრინციპით. ბრუნომ ერთიანობის გაორება, ისევე, როგორც დაპირისპირებულთა ერთიანობაში მოაზრების აუცილებლობა, მიუყენა მატერიალურ სინამდვილეს, რომელიც ერთადერთია და წარმოადგენს უსასრულო, გასულიერებულ მატერიალურ რეალობას. ბრუნო სიტყვიერად აღიარებს ორმაგი ჭეშმარიტების თეორიას, ფაქტიურად კი მასთან ყველაფერმა თავი უნდა გაიმართლოს ადამიანური გონების წინაშე. კუზანელის და ფიჩინოს მსგავსად, ბრუნოც დიალოგის ფორმით წერდა თავის ნაშრომებს; მაგრამ მათგან განსხვავებით (სხვა წინამორბედებზე რომ არაფერი ვთქვათ), ბრუნოს დიალოგებში ჩვენ ვერ ვხედავთ ლოცვას, როგორც ღმერთისადმი დაქვემდებარების გამოხატულებას. ლოცვის ადგილს იკავებს ადამიანის რწმენა საკუთარი ძალებისადმი. ამიტომ ბრუნოს დიალოგებს სამართლიანად უწოდებენ „გმირულ დიალოგებს“. როგორც ამბობენ, ეს ხალხი ტიტანები იყვნენ და ღმერთებთან ბრძოლას ბედავდნენ (იგულისხმება ღმერთის იმ გაგებასთან, რაც მაშინდელ საზოგადოებაში იყო გაბატონებული და რომლის ხელშეუხებლობასაც ეკლესია იცავდა). ბრუნო მრავალი შრომის ავტორია. ევროპის ქალაქებში ხეტიალის დროს, იგი ხშირად აქვეყნებდა წიგნებს. ზოგი შეიძლება ჯერაც არაა აღმოჩენილი. დღესდღეობით მის ნაშრომთაგან უმნიშვნელოვანესად ითვლება „მიზეზის, პრინციპისა და ერთის შესახებ“, „უსასრულოს, უნივერსუმისა და სამყაროს შესახებ“, „გმირულ ვნებათა შესახებ“. ამათ გარ¬და, შეიძლებოდა დაგვესახელებინა სქოლასტიკის წინააღმდეგ დაწერილი სატირა „პეგასური ცხენი და სილენის ვირი“, სადაც მიმდინარეობს კამათი იმის თაობაზე, თუ რომელი სჯობს, ადამიანი - ვირად ქცეული, თუ ვირი -ადამიანად ქცეული. ლონდონში ყოფნისას, ბრუნომ რამოდენიმე დიალოგი გამოაქვეყნა. მათ შორის ერთს ეწოდებოდა „პეგასის კაბალა“. მასში ბრუნო მკაცრად აკრიტიკებს ქრისტიანობას, არისტოტელიზმს და სკეპტიციზმს. „გმირულ ვნებათა შესახებ“, - ასე ერქვა ბრუნოს ბოლო გამოქვეყნებულ ნაშრომს. ის მისი ნააზრევის შემაჯამებელ ნარკვევად ითვლება. აქ სამყაროში არსებული ყოფიერების, მშვენიერების და სიკეთის ერთიანობას ადამიანში წარმოადგენს ჭეშმარიტების, მშვენიერების და სიკეთის თავგანწირული სიყვარული. ადამიანს სხვა ვნებანიც აქვს, რომლებიც დაბალი დონის შემეცნებასთანაა კავშირში, მაგრამ მათგან განწმენდა სწორად მიმართული შემეცნებითაა შესაძლებელი. ბრუნო ამტკიცებდა, რომ უმაღლესი ავტორიტეტი ადამიანისათვის არის ის, რასაც გონება თავისუფალი კვლევით დაადგენს. შემეცნების საგანია უნივერსუმი, შემეცნების ნიადაგია გამოცდილება, ხოლო შემეცნების საწყისი ეჭვია. უნივერსუმი არის გასულიერებული მატერია. შემეცნების მიზანია უნივერ¬სუმის დანახვა, როგორც დაპირისპირებულთა ერთიანობის, სადაც დაპირისპირებულობა შენარჩუნებული იქნება. მოძრაობა და შემეცნება გასულიერებული მატერიის შინაგანი პრედიკატთაგანია. ბრუნოს გამოკვლევათა შინაარსი შეიძლება ორი მთავარი თემის მიხედვით დავალაგოთ და თავისებურ სისტემაში მოვაქციოთ. ესენია: ონტოლოგია და მოძღვრება შემეცნების შესახებ.ბრუნომ პირველმა გაიაზრა კოპერნიკის თეორიის მსოფლმხედველობრივი მნიშვნელობა. აღიარებდა რა უსასრულობაში მზის სისტემათა სიმრავლის არსებობას, ბრუნო უარყოფდა უნივერსუმის ცენტრის, რაიმე წინასწარგარანტირებული ადგილის არსებობას. ღმერთი არ შეიძლება სადმე, რაღაც ადგილას, „იქ“ ან „აქ“ იყოს. გამორჩეული ადგილი არც დედამიწას აქვს და არც ადამიანს. მაგრამ მით უფრო მეტია გონების ღირსება. ერთგვაროვან სამყაროში, სადაც არ არსებობს არისტოტელესეული განსხვავება ზეციურ და ამქვეყნიურ სინამდვილეთა შორის (ასევე, ოთხ ელემენტსა და მეხუთეს შორის), ადამიანის ღირსება მისი გონების ძალას ემყარება. გონებას დიდი უპირატესობა აქვს. ნაშრომის, „უსასრულო, უნივერსუმი და სამყარო“ პირველსავე დიალოგში ბრუნო მიუთითებს, რომ შეგრძნებებს არ შეუძლიათ სწვდენ უსასრულოს რაობას. საერთოდ უსასრულობა არ შეიძლება გრძნობადი შემეცნების კვლევის ობიექტი იყოს. ის, ვინც უსასრულოს შემეცნებას ცდილობს გრძნობების საშუალებით, იმას ემსგავსება, ვინც ცდილობს გრძნობადი თვალით დაინახოს სუბსტანცია და არსება. თუკი ვინმე უსასრულოს უარყოფს იმის საფუძველზე, რომ ის ხედვაში არ მოგვეცემა და არც გრძნობადი უშუალობა აქვს, იძულებული იქნება უარყოს საკუთარი სუბსტანცია და ყოფიერება, რადგან არც ისაა გრძნობებისათვის მისაწვდომი.
Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე /გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Полезное



Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»